ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
ფარელ უილიამსი 13 გრემისა და მრავალი სხვა ჯილდოს მფლობელია. თუმცა 17 დეკემბერს პარიზში მუსიკოსსა და პროდიუსერს იშვიათი პატივი ხვდა წილად – ის იუნესკოს კეთილი ნების ელჩად დასახელდა ხელოვნების, განათლებისა და მეწარმეობის დარგში.
Associated Press-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტიტულის ფარგლებში უილიამსის როლი მოიცავს სხვადასხვა ინიციატივის პოპულარიზებას, მათ შორის ადგილობრივი კულტურების დაცვას, ქალების განათლებისა და ჯანდაცვის წინ წამოწევასა და ცნობიერების გაზრდას გენოციდის პრევენციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.
„ვერც ერთ ოცნებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა,” – აღნიშნა უილიამსმა მადლობის სიტყვაში. მისი თქმით, ამ ტიტულით ის იმედოვნებს, რომ „ერთიანობის შეგრძნების გაღრმავებას” შეძლებს.
გავრცელებულ განცხადებაში იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულემ უილიამსი მოიხსენია, როგორც „შემდგარი არტისტი და ამავდროულად ჰუმანისტი, რომელიც მუშაობს, რათა კულტურა მშვიდობასა და ადამიანების ერთიანობის სამსახურში დააყენოს. მას სჯერა შემოქმედებისა და განათლების ძალის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მისი ღვაწლი შეესაბამება იუნესკოს მანდატს და მოხარული ვარ, რომ ის იუნესკოს ოჯახს უერთდება, როგორც კეთილი ნების ელჩი, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს ქმედებებს.”
იუნესკოს განცხადებით, უილიამსი იქნება ერთგვარი „მენტორი და მოდელი ახალგაზრდა შემოქმედებისთვის, განსაკუთრებით აფრიკაში, სადაც იუნესკო მხარს უჭერს კულტურული ინდუსტრიების განვითარებას.” ის შეუერთდება სხვა კეთილი ნების ელჩებს, მათ შორის არიან K-პოპ ჯგუფი Seventeen, ჯაზის ლეგენდა ჰერბი ჰენკოკი და სხვები.
ტიტულის მინიჭების შემდეგ უილიამსი სიტყვით გამოვიდა 800 მოსწავლისა და ხელოვნების სტუდენტების წინაშე იუნესკოს სათავო ოფისში, სადაც მისი ლეგოთი შექმნილი ბიოგრაფიული ფილმი Piece by Piece იქნა ნაჩვენები. „სიტყვები ვერ აღწერს, თუ რას ვგრძნობ ახლა, როცა იუნესკოს კეთილი ნების ელჩად ამირჩიეს,” – თქვა მუსიკოსმა და ლუი ვიტონის კაცის ხაზის დიზაინერმა, რომელმაც სწორედ იუნესკოს სათავო ოფისი აირჩია საკულტო ფრანგული მოდის სახლის ივნისის ჩვენების გასამართად.