Exclusive: ინტერვიუ მსოფლიოში პირველ ადამიანთან, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს

ნოლანდ არბო

რამდენიმე თვის წინ ილონ მასკმა და მისმა ნეიროტექნოლოგიურმა კომპანიამ - „ნეურალინკმა“ მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. 30 იანვარს მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-მა ტვინის იმპლანტი პირველად ჩანერგა ადამიანის ტვინში. ამ წამოწყების მიზანი კი ის იყო, რომ  პარალიზებულ პაციენტებს აზროვნების ძალით ციფრული მოწყობილობების კონტროლი შესძლებოდათ. 
 
ეს ასეც მოხდა. ჩვენ ვიხილეთ უჩვეულო და დაუჯერებელი კადრები, სადაც ჩანდა, თუ როგორ თამაშობდა გონების საშუალებით ჭადრაკსა და ვიდეო თამაშს მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში მიკროჩიპი ჩაუდგეს. 
 
პაციენტის სახელი და გვარი ნოლანდ არბოა. მას პარაპლეგია ანუ კიდურების დამბლა აქვს. დაივინგის დროს მიღებული ტრავმის გამო ის მხრებს ქვემოთ სრულიად პარალიზებულია. თუმცა, მიკროჩიპმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
 
ამ თემაზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ნინი ტაველიძე ნოლანდ არბოს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

როგორც რესპონდენტი ჰყევბა, წარმოდგენა არ ჰქონდა რას ნიშნავდა თავის ტვინში ჩიპის ჩანერგვა და რა შედეგებს გამოიწვევდა ის...

 „სიმართლე გითხრათ „ნეურალინკისა" და მისი ამ წამოწყების შესახებ თავიდან არაფერი ვიცოდი.  ერთ დღეს ჩემმა კოლეჯის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ილონ მასკის კომპანია ტვინის ჩიპების ადამიანებზე  გამოსაცდელად მოხალისეებს ეძებდა და რომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყებაში დამხმარებოდა.  წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა თავის ტვინში ჩიპის ჩანერგვა და რა შედეგებს გამოიწვევდა ის... თუმცა, ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მივხვდი, რომ ცდად ღირდა და მეც გავრისკე.  აპლიკაცია  შევავსე და  გავაგზავნე - დამიკავშირდნენ.  რამდენიმე თვის განმავლობაში უამრავ  ანალიზსა და ტესტირებას მიტარებდნენ, დღის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში ვატარებდი. 


ერთხელაც ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ორგანიზმი მზად იყო ექსპერიმენტისთვის.  უკვირთ ხოლმე როცა ვამბობ, რომ საერთოდ არ შემშინებია..  მოსამზადებელი თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ  ამ პროცესში პროფესიონალი ექიმები, მედდები, მეცნიერები და ექსპერტები იყვნენ ჩართულები.  მე მჯეროდა მათი და მჯეროდა ღმერთის.. მწამდა, რომ მას საუკეთესო რამ ჰქონდა ჩემთვის მომზადებული..  ჩემს ოჯახსა და მეგობრებს ეშინოდათ, მაგრამ ისინი გვერდით დამიდგნენ.  - ასე გავხდი მსოფლიოში პირველი პაციენტი, რომელსაც ტვინში მიკროჩიპი ჩაუდგეს...“
 
როდესაც ნოლანდ არბოს ვიდეოები ინტერნეტსივრცეში პირველად გავრცელდა - ამან საზოგადოებაში უამრავი შეკითხვა გააჩინა.  ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუ  რას ნიშნავდა ტვინის მიკროჩიპი, როგორ ხდებოდა მისი განთავსება  შესაბამის ადგილას და როგორ გარდაქმნიდა ის ადამიანის ფიქრებს ქმედებებად.  
 
 
„ეს მიკროქირურგული ტვინის ოპერაციაა, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით ხორციელდება. ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ოპერაცია ნეურალინკის მიერ შექმნილმა რობოტმა ჩამიტარა.  მან მიკროჩიპი ტვინის იმ უბანში განათავსა, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. მიკროჩიპი მონეტის ზომისაა.  ოპერაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. როცა გავიღვიძე არანაირი დისკომფორტი არ მქონია, ვერც კი ვგრძნობდი, რომ ჩემი ტვინის ერთ უბანში მიკროჩიპი იყო განთავსებული. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - მიკროჩიპზე განთავსებულია ბლუთუზი, რომელსაც ნეურალინკის მიერ შექმნილ სპეციალურ აპლიკაციას ვუკავშირებ. მას შემდეგ, რაც  აპლიკაციასთან დაკავშირება ხდება - ჩიპი ტვინის უბნების გააქტიურებას იწყებს, განსაკუთრებით იმ უბნების, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. ეს ყველაფერი კი მეხმარება ჩემი ფიქრები მოქმედებაში გადმოვიტანო.. მაგალითად: გავამოძრავო კომპიუტერის მაუსი,  დავწერო ტექსტი, გავაგზავნო ელექტრონული შეტყობინება, მივმართო ონლაინ შოპინგს ან ვითამაშო კომპიუტერული თამაშები",- ამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში ნოლანდ არბო.  

აშშ-ის მთავრობამ Neuralink-ს მეორე მოხალისისთვის ჩიპის ჩანერგვის ნებართვა მისცა. კომპანია მსურველს ეძებს.  მართალია, ამ წამოწყების პირველი სამიზნე პარალიზებული პაციენტები არიან, თუმცა ილონ მასკსუფრო ამბიციური გეგმა აქვს.

მას სურს, რომ მსგავსი მიკროჩიპების იმპლანტაციის დახმარებით ისეთი დაავადებების განკურნება გახდეს შესაძლებელი, როგორიცაა: ჭარბწონიანობა, აუტიზმი, დეპრესია და შიზოფრენია.