1770756107
ევროსაბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად იმუნიტეტი მოუხსნა
ევროსაბჭომ ყოფილ გენერალურ მდივანსა და ნორვეგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტორბიორნ იაგლანდს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამოსაძიებლად იმუნიტეტი მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნორვეგიის მოთხოვნით მიიღო.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იღებდა თუ არა იაგლანდი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, 2009-2019 წლებში საეჭვო საჩუქრებს, სესხებს და სარგებლობდა თუ არა ანაზღაურებადი მოგზაურობებით.
იაგლანდის ადვოკატმა, ანდერს ბროსვიტმა, განაცხადა, რომ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და იაგლანდი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„იაგლანდი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება, მაგრამ სურს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ, მისი აზრით, არ არსებობს გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.
ცნობისთვის, ნორვეგია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებამ ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. იაგლანდის გარდა, დოკუმენტებში ფიგურირებს ნორვეგიის პრინცესა მეტე-მარიტი. ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ იორდანიასა და ერაყში ნორვეგიის ელჩს უფლებამოსილება შეუჩერდა. როგორც აღმოჩნდა, დიპლომატის მეუღლეს, რომელიც ასევე გაერო-ში გავლენიანი მომლაპარაკებელია, ახლო კავშირები ჰქონდა ეპშტეინთან.










