ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ დაფინანსების შემცირება მოხდება ტრამპის სტილში - Politico

დონალდ ტრამპი

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ დაფინანსების შემცირება მოხდება ტრამპის სტილში, - ამ სათაურით სტატიას Politico აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი ყოველწლიურად გასცემს მილიარდობით ევროს გრანტებს არაკომერციულ ორგანიზაციებზე. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სექტორი, რომელიც ამაყობს ლობისტების მეორე უმსხვილესი არმიით ბრიუსელში, თვეების განმავლობაში მძიმე ბრძოლაშია კონსერვატიულ კანონმდებლებთან, ევროკავშირის გრანტის ფულის ლობირების მიზნით გამოყენების გამო.

სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ყველაფერი ამ თვის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ევროკომისიამ აღიარა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მოიცავდა იმას, რაც მიიჩნევა "არასათანადო ლობირებად".

გასულ ორშაბათს, ევროპული აუდიტორული სასამართლოს მკაცრმა მოხსენებამ გააკრიტიკა კომისია ბუნდოვანი სისტემის გამო, მცირე ზედამხედველობით, იმის შესახებ თუ, როგორ იყენებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის გრანტებს.

შემდეგ, სამშაბათს, ევროპარლამენტარებმა მიიღეს შესწორებები, რომლებიც მოუწოდებენ ბრიუსელს, გაზარდოს კონტროლი იმაზე, თუ როგორ ხარჯავენ არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის გრანტებს.

ამ საკითხზე პასუხისმგებელი ევროპარლამენტარები ამტკიცებენ, რომ საქმე არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირება, არამედ უბრალოდ გამჭვირვალობის გაზრდა.

"ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ შევზღუდოთ არასამთავრობო ორგანიზაციები - უმეტესობა შესანიშნავ საქმეს აკეთებს", - თქვა ტომას ზდეჩოვსკიმ, ჩეხმა ევროპარლამენტარმა EPP ჯგუფიდან, რომელიც ხელმძღვანელობს ჯგუფის მუშაობას საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტში.

მიზანია გვქონდეს "ღია დიალოგი" "რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად მეტი გამჭვირვალობისთვის", - დასძინა მან.

Politico-ს ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ დამატებითი ნაბიჯები საბოლოოდ გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას. მათი შიში არცთუ ისე უსაფუძვლოა.

გასულ ოთხშაბათს, POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უთხრეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის კუთხით, რომ არ უნდა ელოდონ რაიმე სახის გრანტს.

ამავდროულად, ზოგიერთ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც იღებენ დაფინანსებას ევროკავშირის LIFE პროგრამიდან, მოუწიათ ამოეღოთ ადვოკატირების შესახებ მოხსენებები თავიანთი დოკუმენტებიდან, რათა შესაძლებელი ყოფილიყო გრანტის მიღება.

"მთელი ეს კამპანია არის გზა მოამზადოს თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაზე მომავალში", - თქვა კარლოტა ბესოციმ, სამოქალაქო საზოგადოება ევროპის დირექტორმა.