შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
ევროპარლამენტი Eurobarometer-ის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ აფასებენ ევროპელები საკუთარ მომავალს, ცხოვრების დონეს, ფასებსა, ეკონომიკურ მდგომარეობას და ევროკავშირის პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ თანამედროვე პრობლემურ სამყაროში ევროკავშირი სტაბილური ადგილია. ამასთან, ევროპელების 74% საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში წევრობას სასარგებლოდ მიიჩნევს. გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის როლი მოქალაქეების დაცვაში გლობალური კრიზისებისა და უსაფრთხოების რისკებისგან მომავალში უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს.
Eurobarometer-ის გამოკითხვის თანახმად, 73%-ს სურს, რომ ევროკავშირს მეტი საშუალება ჰქონდეს გლობალური გამოწვევების დასაძლევად. კვლევის თანახმად, ბოლოდროინდელმა გლობალურმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამწვავა ევროპელების პესიმისტური შეხედულება მსოფლიოს მომავალთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი, 58% პესიმისტურად არის განწყობილი მსოფლიოს მომავლის მიმართ. გამოკითხულთა 44% საკუთარ ამჟამინდელ განცდად ყველაზე ხშირად „გაურკვევლობას“ ასახელებს, 29% კი ელოდება, რომ უახლოეს წლებში მისი ცხოვრების დონე გაუარესდება.
Eurobarometer-ის გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ბლოკმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე (39%) და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე (35%).
რაც შეეხება ცხოვრების დონეს, გამოკითხულთა 83% ამბობს, რომ კმაყოფილია თავისი ცხოვრების ხარისხით, ხოლო 17% ამბობს, რომ არ არის. ამასთან, ათიდან სამი მოქალაქე (29%) ელოდება, რომ მათი ცხოვრების დონე მომდევნო წლებში გაუარესდება, 50% ფიქრობს, რომ ის იგივე დარჩება, 18% კი მის გაუმჯობესებას ელოდება.
რაც შეეხება ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ კმაყოფილები არიან სტრუქტურით.
Eurobarometer-მა კვლევა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ჩაატარა და 26 421 რესპონდენტი გამოკითხა. სააგენტო Verian-მა გამოკითხვა 9 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ჩაატარა. მოქალაქეების გამოკითხვა ჩატარდა როგორც პირისპირ ინტერვიუების სახით, ასევე დისტანციურად.