1773348202
ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხი დაიღუპა
ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. პარალელურად გრძელდება სამაშველო სამუშაოებიც.
გარდაცვლილების ვინაობა 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება, იქამდე, სანამ მათ ნათესავებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინებენ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.
ცნობისთვის, ამერიკული მხარის ინფორმაციით, 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. როგორც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განმარტა, შემთხვევასთან არც მტრის ცეცხლი და არც მეგობრული ცეცხლი არ ყოფილა დაკავშირებული.











