ემოციური ფოტო-ვიდეო ისტორიები - თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრები

mama

ბოლო რამდენიმე  დღეა, რაც მსოფლიოს ყურადღება თურქეთისა და სირიისკენაა მიპყრობილი ოფიციალური  მონაცემებით, დამანგრეველმა მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ყოველ წამს იცვლება. 


შენობების ქვეშ მოყოლილი ადამიანების პოვნასა და მათ გადარჩენას უამრავი მაშველი ცდილობს. ნანგრევებიდან მოსახლეობის ხმა ისმის - ისინი შველას ითხოვენ. სიტუაცია რთულია, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მოქალაქეებმა არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. 
 
ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება  ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ადგილობრივები. განსაკუთრებულ ემოციებს საზოგადოებაში ის კადრები იწვევს, როდესაც ნანგრევებიდან ბავშვები გამოჰყავთ. 

სირიაში დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი ახალშობილის კადრებმა გულგრილი არავინ დატოვა.  პატარა სამყაროს ამ მძიმე პერიოდში მოევლინა და სირიელებისთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. 

ჩვილი ნანგრევებში სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს,  ის ჭიპლარით ისევ დედის სხეულთან იყო დაკავშირებული. გოგონას ოჯახის ყველა წევრი მიწისძვრამ შეიწირა. 

 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს მამაკაცს მტვრით დაფარული პატარა ოთხსართულიანი შენობის ნანგრევებიდან. გოგონა ახლა ქალაქ აფრინის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა პატარას მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

მესუთ ჰანსერის ამ ფოტომ საზოგადოებას სტიქიური უბედურებების სიმძიმე კიდევ ერთხელ დაანახა. 
 
მამაკაცს ხელში თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული  15 წლის ქალიშვილის ხელი უჭირავს და არ უშვებს...

 

მამაკაცს  ხელში ქალიშვილის ცხედარი უჭირავს და ეხუტება.. 

3 წლის არიფ კაანია თურქეთიდან - ბიჭი, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 43 საათი გაატარა და ცოცხალი გადარჩა.

 

 

 

6 თებერვალს ნანგერევებიდან ამოიყვანეს ეს სირიელი  გოგონაც, რომელიც ახლა ბიძასთან ერთადაა და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. 

მიწისძვრიდან 52 საათის შემდეგ, ჰატაიში მაშველებმა ჩამონგრეული შენობის ადგილას რვა წლის იგიტი იპოვეს.

 

სამაშველო სამუშაოებში ადგილობრივებიც აქტიურად არიან ჩართულები და ბეტონის ქვეშ მოყოლილი თანამოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. 
 
ადგილობრივებს ჟურნალისტებიც ეხმარებიან.  რეპორტიორი, რომელმაც თურქეთში მიწისძვრისას კორპუსის ნგრევა დააფიქსირა, მუშაობის პარალელურად დაშავებულ ბავშვებს ეხმარება.