ემანუელ მაკრონი ​აცხადებს, რომ მარკ რუტესთან უკრაინაში არსებული სიტუაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოს პროგრესი განიხილა

ემანუელ მაკრონი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში არსებული სიტუაცია და „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოს პროგრესი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, ძალისხმევა იანვრიდან გაგრძელდება და უკრაინას შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.

„იანვრიდან პარიზში ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ, რათა უკრაინისთვის ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველვყოთ, რაც მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელი პირობაა. რუსეთის აგრესიის გაგრძელების პარალელურად, უკრაინა ბრძოლას და მდგრადობის დემონსტრირებას განაგრძობს. მას შეუძლია, ჩვენს ურყევ მხარდაჭერას დაეყრდნოს, როგორც ახლა, ასევე მომავალში“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.