1779396803
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა გააკრიტიკა ბრიტანეთის გადაწყვეტილება რუსული წარმოშობის საავიაციო საწვავსა და დიზელზე დაგეგმილი სანქციების შემსუბუქების შესახებ
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა, გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება რუსული წარმოშობის საავიაციო საწვავსა და დიზელზე დაგეგმილი სანქციების შემსუბუქების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
სამშაბათს გაერთიანებულმა სამეფომ გამოსცა სანქციების ლიცენზია, რომლითაც საავიაციო საწვავი და დიზელი გაათავისუფლა იმ ახალი საიმპორტო აკრძალვისგან, რომელიც ეხება რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებულ, მაგრამ ინდოეთსა თუ სხვა მესამე ქვეყნებში გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს.
დომბროვსკისის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „მოულოდნელი აღმოჩნდა“.
ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ლატვიელმა ეკონომისტმა გაერთიანებული სამეფო იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან საკუთარი გეგმები „დიდი შვიდეულის“ (G7) ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე არ წამოჭრა. აღნიშნული შეხვედრა ორშაბათს და სამშაბათს პარიზში გაიმართა და მას გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერი, რეიჩელ რივიზიც ესწრებოდა.
„ის, რასაც „დიდ შვიდეულში“ განვიხილავდით, რეალურად არის ის, რომ ახლა არ არის რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების დრო, რადგან რუსეთი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც სარგებელს იღებს ირანში მიმდინარე ომისგან და ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების წყალობით უზარმაზარ მოგებას ნახულობს“, - დასძინა მან.
„არსებულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, გაძლიერებაც. ეს არის პოზიცია, რომლის გატანასაც კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად“, - აღნიშნა ევროკომისარმა.












