დონალდ ტრამპი: სხვა ქვეყნები ცუდად გვეპყრობოდნენ, რადგან სულელი ხელმძღვანელობა გვყავდა, რომელმაც ეს დაუშვა, ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბაზრების მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ „ზოგჯერ საჭიროა წამლის მიღება“ პრობლემების გამოსასწორებლად.

„ჩვენი ქვეყანა გაძლიერდა და საბოლოოდ ის იქნება უნიკალური ქვეყანა. ის იქნება ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში. მე არ მინდა, რომ რაიმე დაეცეს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა წამლის მიღება რაღაცის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

Air Force One-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ არ აპირებს გარიგების დადებას ჩინეთთან, ვიდრე სავაჭრო დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრება. პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად „ასობით მილიარდ დოლარს“ კარგავს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში.

„გვაქვს ტრილიონი დოლარის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან, ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა. ჩვენ ვკარგავთ ასობით მილიარდ დოლარს ყოველწლიურად ჩინეთთან და სანამ ამ პრობლემას არ გადავჭრით, მე არ დავდებ გარიგებას. ახლა ჩინეთი დიდ დარტყმას იღებს, რადგან ყველამ იცის, რომ ჩვენ მართლები ვართ. მინდა, გადავჭრა დეფიციტის პრობლემა, რომელიც გვაქვს ჩინეთთან, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან. მათ მოუწევთ ამის გაკეთება. თუ მათ სურთ ამაზე საუბარი, მზად ვარ, ვესაუბრო“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

როგორც დონალდ ტრამპმა განმარტა, ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთის უკმაყოფილებამ აპლიკაცია Tik Tok-ის გაყიდვის გარიგება შეაჩერა.

„ჩვენ თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას Tik Tok-თან დაკავშირებით. სრულად არ იყო შეთანხმებული, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით. შემდეგ ჩინეთმა შეცვალა პირობები ტარიფების გამო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე ესაუბრა ევროპელ და აზიელ ლიდერებს თავისი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ.

„ყველა ქვეყანა მირეკავს და ძალიან ყურადღებით ექცევა ჩვენს პოზიციას“, – აცხადებს ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ ევროკავშირიც „ძალიან ცუდად“ ექცეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სავაჭრო ურთიერთობებში.

„სხვა ქვეყნები ცუდად გვეპყრობოდნენ, რადგან გვყავდა სულელი ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს დაუშვა. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ. ევროპა ძალიან ცუდად გვექცეოდა. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს, არ იღებენ ჩვენს საკვებ პროდუქტებს, არაფერს იღებენ. ჩვენ ევროპას დიდი ტარიფი დავუწესეთ“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მის მიერ დაწესებული ტარიფები „ტრილიონზე მეტ დოლარს“ შემოიტანს ქვეყანაში მოკლე პერიოდში.

„ასობით მილიარდი დოლარი შემოედინება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვიურად. ეს უკვე დაიწყო, რადგან დავაწესე ტარიფები. საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდება და ჩვენი ქვეყანა კვლავ მყარი და ძლიერი იქნება. ჩვენ კვლავ მდიდარი ქვეყანა გავხდებით. უფრო მდიდარი, ვიდრე ოდესმე. და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სხვა ქვეყნებმა, იქნება ეს ჩინეთი თუ ევროკავშირი, გაგვძარცვონ“, – აღნიშნავს ამერიკის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი სავაჭრო პოლიტიკის შემდეგ ინფლაცია აღარ იქნება „დიდი პრობლემა“.

სხვა საკითხებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ ესაუბრება რუსეთს და სურს, შეაჩეროს მიმდინარე კონფლიქტი, სადაც, მისი თქმით, „ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება“ დაბომბვების შედეგად.