დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მკვლელობის სავარაუდო მცდელობის შემდეგ ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა დაურეკა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მკვლელობის სავარაუდო მცდელობის შემდეგ მან ჯო ბაიდენისგან და კამალა ჰარისისგან ზარი მიიღო.

„უნდა ვთქვა, რომ გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა დამირეკა. ის ძალიან კარგად იყო განწყობილი, გვქონდა სასიამოვნო დიალოგი და მე ვაფასებ, რომ მან დარეკა წინა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მან მითხრა, რომ ის საქმეში ჩართულია. დღეს, ცოტა ხნის წინ, სასიამოვნო სატელეფონო საუბარი მქონდა კამალა ჰარისთანაც. ეს ძალიან სასიამოვნო იყო და ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა მიჩიგანის შტატში გამართულ შეხვედრაზე.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა მისი მკვლელობის სავარაუდო მცდელობასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობა საშიში საქმეა.
„პრეზიდენტობა საშიში საქმეა. ეს ცოტა სახიფათოა. ისინი ფიქრობენ, რომ ავტომობილით რბოლაა საშიში, ფიქრობენ, ხარზე ჯირითია სახიფათო, არა. პრეზიდენტობაა სახიფათო საქმიანობა, ამიტომ უსაფრთხოდ უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ტრამპის თქმით, ეს პუტინმა შესაძლოა, რეალურად სწორედ დონალდ ტრამპის სასიკეთოდ გააკეთა.

„სინამდვილეში მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან და მე ალბათ ყველაზე მეტად მოვწონდი, მაგრამ შესაძლოა, ასე ყოფილიყო, შესაძლოა არა. ვნახე, რომ პუტინმა კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა. უნდა გესმოდეთ, ისინი არიან ჭადრაკის მთავარი მოთამაშეები. ასე რომ, როდესაც ის კამალას უჭერს მხარს, მან შეიძლება თქვას, მე ეს გავაკეთე, რადგან მიყვარხარ და ამის გაკეთება უმჯობესია“, – განაცხადა ტრამპმა.