დიდმა ბრიტანეთმა მაგისტრალებზე გადასაადგილებლად თვითმართვადი ავტომობილები ოფიციალურად დაამტკიცა

ავტომობილი

დიდმა ბრიტანეთმა მაგისტრალებზე გადასაადგილებლად თვითმართვადი ავტომობილები ოფიციალურად დაამტკიცა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ტრანსპორტის დეპარტამენტმა შეთანხმება უკვე გააფორმა Ford-თან, რომლის უახლესი Mustang Mach-E მაგისტრალებზე ლეგალურად დაიშვება. მოდელი არა მხოლოდ ავტომობილის მართვასა და აჩქარებას უზრუნველყოფს, არამედ მანქანაში მჯდომი ადამიანის ყურადღებასაც აკონტროლებს, რათა სისტემა დარწმუნდეს, რომ მფლობელი ფოკუსირებულია გზაზე.

Ford პრესრელიზში აცხადებს, რომ თვითმართვადი რეჟიმი მძღოლის დამხმარე ფუნქციად რჩება და არა სრულ ჩამნაცვლებლად, ამიტომ ავტომობილში ადამიანის ყურადღებით ყოფნა მაინც გადამწყვეტია. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც თვითმართვადი მანქანები დაამტკიცა. ტრანსპორტის მინისტრმა, ჯესი ნორმანმა გადაწყვეტილებას "დიდი სიახლე" უწოდა და თქვა, რომ "ქვეყანა კვლავ ინოვაციების სათავეში დგას".

როგორც Ford-ის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი მოდელის სისტემა ევროპაში 170 000 კილომეტრზე გამოცადეს. თვითმართვადი ავტომობილი დამოუკიდებლად უმკლავდება ზოლებში მანევრს, ცუდ ამინდს, საგზაო სამუშაოებს. ისინი ფიქრობენ, რომ ახლო მომავალში მსგავსი ავტომობილები მეტად დაიხვეწება - შედეგად, სრულად ჩაანაცვლებენ მძღოლებს და საბოლოოდ შემცირდება ავარიების სიხშირე.