„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ

დიდი შვიდეული

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.

„ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლება, გააადვილოს გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და გზა გაუხსნას სამოქალაქო პირებს საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად. მადლობას ვუხდით ეგვიპტეს, კატარსა და აშშ-ს ამ მოლაპარაკებებში გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ შეთანხმების პირობებს. ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ შეთანხმების შემდგომი ფაზების მოლაპარაკებებში, რათა ხელი შეუწყონ მის სრულად განხორციელებას და საომარი მოქმედებების საბოლოო შეწყვეტას“, – აღნიშნულია ლიდერების განცხადებაში.

ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მოუწოდებენ ირანსა და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან.

„ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის წინ ასევე მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ღაზაში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობის დასასრულებლად, სადაც პირობები კვლავ უარესდება. ჩვენ მოვითხოვთ ყველა მხარისგან, უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო, სწრაფი და შეუფერხებელი მიწოდება და სამოქალაქო პირების დაცვა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცული უნდა იყოს. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, განვაგრძოთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და დავიწყოთ ღაზაში აღდგენისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც მიგვიყვანს ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტამდე, სადაც ისრაელელები და პალესტინელები იცხოვრებენ ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად, ღირსებითა და უსაფრთხოებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.