სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური სააგენტო „სინჰუა“ ავრცელებს.

ამასთან, მედიასაშუალება არაფერს წერს საუბრის დეტალების შესახებ.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჰან ჩჟენი ვაშინგტონში 20 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებაში ამერიკული მხარის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას.

სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს დონალდ ტრამპიც. როგორც არჩეული პრეზიდენტი აღნიშნავს, თავად და სი ძინპინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო.

„ახლახან ვესაუბრე ჩინეთის თავმჯდომარეს, სი ძინპინს. ეს იყო კარგი სატელეფონო საუბარი როგორც ჩინეთისთვის, ისე აშშ-სთვის. ჩემი მოლოდინია, რომ ერთად გადავჭრით მრავალ პრობლემას და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ჩვენ განვიხილეთ დაბალანსებული ვაჭრობის, ფენტანილის, „ტიკ-ტოკის“ და მრავალი სხვა საკითხი. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო“, – წერს ტრამპი.