დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ადამიანის კანით შეკრული წიგნი აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მუზეუმში ადამიანის კანით შეკრული წიგნი აღმოაჩინეს. წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლელის, უილიამ კორდერის კანით არის შეკრული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კორდერს 1827 წელს მარია მარტენის სასტიკი მკვლელობა დასდეს ბრალად. მას მარტენსთან რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა.

ამ მკვლელობამ მთელი ბრიტანეთი შეძრა. ერთ-ერთი ვერსიით, კორდერმა ქალი პაემანზე დაიბარა, რათა გაქცეულიყვნენ და ერთმანეთზე ექორწინათ. თუმცა ამის ნაცვლად, მან იგი მოკლა, ცხედარი კი დამარხა. კორდერი დააკავეს და 1828 წლის აგვისტოში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. მისი სხეული დაანაწილეს, კანის ნაწილი იმ წიგნის შესაკრავად გამოიყენეს, რომელიც კორდერის ამბავს ჰყვება. გამოფენაზე ეს წიგნი 1933 წელს იყო წარმოდგენილი.

ადამიანის კანით წიგნების შეკვრა ცნობილია, როგორც ანთროპოდერმული ბიბლიოპეგია. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელებული იყო მე-19 საუკუნეში. ბიოლოგიურ მასალაზე ხელი ძირითადად ქირურგებს მიუწვდებოდათ, რომლებიც ადამიანის სხეულს კვეთდნენ.