დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

აფეთქება

დიდ ბრიტანეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვერტმფრენი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, დევონის საგრაფოში მდებარე მინდორში ჩამოვარდა.

სამეფო ფლოტის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა.

„დაღუპულთა ოჯახებს უკვე ეცნობათ ტრაგედიის შესახებ. მათ ითხოვეს დრო და პირადი სივრცე, ვიდრე დამატებითი დეტალები გასაჯაროვდება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს „უკიდურესად ტრაგიკული“ უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.