დემოკრატი კონგრესმენი ალ გრინი აცხადებს, რომ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს

Photo: Tom Williams/CQ-Roll Call, Inc via Getty Images.

დემოკრატი კონგრესმენი ალ გრინი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას გეგმავს. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გრინმა გააკრიტიკა ტრამპის განცხადება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რა დროსაც ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე.

„ეთნიკური წმენდა ღაზაში არ არის ხუმრობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს აშშ-ის პრეზიდენტისგან მოდის. ვაცხადებ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოძრაობა დაიწყო. მე წარვადგენ იმპიჩმენტის მუხლებს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა გრინმა.

თეთრ სახლში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.