ალექსანდრე ტაბატაძე ფილიპინების რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ალექსანდრე ტაბატაძე ფილიპინების რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ფილიპინების რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, გილბერტო ტიოდოროს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ალექსანდრე ტაბატაძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრთან ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებებიც მიმოიხილა.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ფილიპინების რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან. შეხვედრისას ჩვენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათ გავლენებზე ვისაუბრეთ. ასევე  ინფორმაცია გავცვალეთ  ბოლო წლებში ორ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი გამოითქვა, შესაბამისად, მომავალში მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობას გავუსვით ხაზი", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ.

მანილაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საპარლამენტო ფორუმს დაესწრო და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.