მომხმარებელმა „შპს იფქლის“ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა - საწარმოს წარმოების პროცესი შეუჩერეს
1738841762
საქართველოში ტრიქინელოზის შემთხვევა დაფიქსირდა.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ინფიცირებული ხორცი სავარაუდოდ სასაკლაოს გვერდის ავლით მოხვდა რეალიზაციაში.
„ტრიქინელოზის ფაქტი დაფიქსირდა საქართველოში. რამდენიმე წლის წინაც იყო მსგავსი შემთხვევები ეს არ არის პირველი. ამ დაავადებას იწვევს პარაზიტული ჭია – ტრიქინელა, რომელიც ძირითადად გარეული ცხოველების ორგანიზმში, კუნთოვან მასასა და ნაწლავებში ბინადრობს. ასევე, ის გვხვდება შინაურ ცხოველებშიც, რომელთა ხორცსაც ადამიანი საკვებად მოიხმარს, განსაკუთრებით – ღორის ხორცში. ღორი თავად არის ამ დაავადების მატარებელი, თუმცა, შესაძლებელია, რომ მას ვიზუალურად არ ეტყობოდეს პარაზიტის არსებობა ორგანიზმში.
რთულია ფერმერმა განსაზღვროს, ჰყავს თუ არა მის ცხოველს ეს პარაზიტი. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი შემოწმება ხდება, სასაკლაოა, სადაც ცხოველს იკვლევენ და სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვეტერინარი ამოწმებს მას. ვეტერინარი ნიმუშს იღებს კონკრეტულად იმ ადგილიდან, სადაც შესაძლოა ეს ჭია არსებობდეს, და ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე ხდება დაავადების განსაზღვრა. შეუიარაღებელი თვალით მომხმარებელი ვერ ამოიცნობს, არსებობს თუ არა ღორის ხორცში ეს პარაზიტი.
დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხორცი, სავარაუდოდ, სასაკლაოს გვერდის ავლით მოხვდა რეალიზაციაში, სადაც ამ პარაზიტის არსებობა დაფიქსირდა. მიზეზი, რის გამოც ღორის ხორცში ეს პარაზიტი გვხვდება, ის არის, რომ ღორი ყველაფრის მჭამელია, მათ შორის – ლეშის.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა დაინფიცირებული ღორის ხორცი მიირთვა, ინტოქსიკაცია 2-3 კვირის შემდეგ ვითარდება. პირველი სიმპტომი მაღალი სიცხეა (დაახლოებით 39 გრადუსი), რასაც თან ერთვის ისეთი ნიშნები, როგორიცაა თვალების შეშუპება და კუნთების მოდუნება. თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, შესაძლოა, კვებითი ინტოქსიკაცია ფატალურად დასრულდეს. ასევე, შესაძლებელია, პარაზიტი ორგანიზმში გამრავლდეს და სავალალო შედეგი დადგეს. ამ პარაზიტულ ჭიას შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინში და მისი დაზიანება მოახდინოს,“ – ამბობს ირაკლი არაბული.