დედამიწაზე „ნულოვანი კუნძული" არსებობს - რას ნიშნავს ეს

ნულოვანი კუნძული

 თქვენი აზრით, რა ხდება იქ, სადაც გრძედიც და განედიც 0°-ია? ან საერთოდ, რა პრინციპით შეარჩიეს ეს კოორდინატები?

გრძედი და განედი წარმოსახვითი ხაზების სისტემაა, რომელიც დედამიწაზე გარკვეული ადგილმდებარეობების მოსაძებნად გამოიყენება. განედის ხაზი ჰორიზონტალურია და იმას ზომავს, თუ რამდენად ჩრდილოეთით ან სამხრეთით მდებარეობს კონკრეტული ადგილი 0°-იდან. ხოლო გრძედის ხაზი ვერტიკალურია და იმას ზომავს, თუ რამდენად დასავლეთით ან აღმოსავლეთითაა ადგილი საწყისი მერიდიანიდან (0°).

სანამ კოორდინატთა სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიიღწეოდა, ნავიგაციის საკითხი ჩახლართული იყო. ქვეყნები ვერ რიგდებოდნენ იმაზე, თუ სად უნდა ყოფილიყო "საწყისი მერიდიანი" — წერტილი, სადაც გრძედი 0° იქნებოდა. საფრანგეთის გამოცემული რუკების მიხედვით საწყისი მერიდიანი პარიზზე გადიოდა, ჩინეთის რუკების მიხედვით კი - პეკინზე. მოკლედ რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ქვეყანა ამტკიცებდა, რომ საწყის მერიდიანს მათ დედაქალაქზე უნდა გაევლო.

1884 წელს ვაშინგტონში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომლის ინიციატორიც აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი, ჩესტერ არტური, გახლდათ. კონფერენციას 25 ქვეყნის წარმომადგენლები და ასტრონომები ესწრებოდნენ. მათი მიზანი ის იყო, რომ უნივერსალურ საწყის მერიდიანზე შეთანხმებულიყვნენ.

კონფერენციაზე ახსენეს, რომ საწყისი მერიდიანი შეიძლებოდა ლონდონში მდებარე გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაზე გაევლოთ. ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნების უმრავლესობა ბრიტანულ საზღვაო რუკებს იყენებდა, რომლებიც გრინვიჩიდან იზომებოდა.

0°-იანი გრძედი ასე შეიქმნა - ვერტიკალური ხაზი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთისგან ყოფს. 0°-იანი განედის განსაზღვრას ნაკლები დავა დასჭირდა - ეს ხაზი ეკვატორთან გადის.

მაშ, რა ხდება 0,0 კოორდინატებზე? გრძედიც და განედიც წყალზე გადის, უფრო კონკრეტულად, გვინეის ყურეზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთანაა. ციფრულ რუკებზე ის "ნულოვან კუნძულადაა" აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ, როდესაც რუკებს გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემით (GIS) ვაციფრულებთ, მისამართის მონაცემები კოორდინატებში გადადის. ეს მარტივი, თუმცა ხანგრძლივი პროცესია. თუ რომელიმე მონაცემი არასწორადაა, დიდი შეცდომა შეიძლება მივიღოთ.

„გეოკოდირების პროცესი ხშირად არასწორად წარიმართება. ამის მიზეზი შეიძლება ადამიანური შეცდომები, არასწორი მონაცემები ან გეოკოდერში არსებული ტექნიკური ხარვეზები იყოს" - განმარტავსტიმ სეინტ ონჯი - „ქუჩის არასწორად დამარცვლული სახელები, შენობის არარსებული ნომრები და მსგავსი შეცდომები არარეალურ მისამართებს გვაძლევს. შედეგად გეოკოდირების სისტემა იბნევა, შედეგი კი 0,0 ხდება. თავისთავად, ეს შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ შეცდომა დაფიქსირდა. მეორე მხრივ, ეს დედამიწის ზედაპირზე არსებული რეალური ლოკაციაა, თუნდაც იქ მხოლოდ წყალი იყოს. ამის გამო ამ ადგილს სატირულად ნულოვანი კუნძული დაერქვა".

შესაბამისად, ნულოვანი კუნძული აფრიკაში მდებარე წარმოსახვითი, 1 კვადრატული მეტრის ზომის კუნძულია, რომელზეც ეკვატორი და ნულოვანი მერიდიანი იკვეთება. 

ამ კოორდინატებზე ერთ ტივტივას შეხვდებით, რომელსაც Station 13010 - Soul-ს უწოდებენ. ის და კიდევ 16 სხვა ტივტივა ტემპერატურას, ტენიანობასა და ქარის სიჩქარეს აკვირდება, რაც საბოლოოდ ამინდის პროგნოზისთვის გამოიყენება. თავად განსაზღვრეთ, თუ რამდენად კარგ საქმეს ასრულებს იგი მსოფლიოში ყველაზე სასურველ კოორდინატებზე მყოფი ტივტივის კვალობაზე.