დავით მათიკაშვილი: ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში თავისუფალი ხმა ჩაახშონ და დებატები შეწყვიტონ, „იმედსა“ და „პოსტივის“ ქვეყანა გვერდში დაუდგება

 დავით მათიკაშვილი

ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში თავისუფალი ხმა ჩაახშონ და დებატები შეწყვიტონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ჩაგვრის ობიექტად გამხდარ ორ ტელევიზიას მთელი ქვეყანა გვერდში დაუდგება, რომ ძალმომრეობა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა არ იგრძნონ.

„დიდი ბრიტანეთის მიერ დასახელებულ მიზეზს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ სასაცილოდან სატირლამდე ერთი ნაბიჯია, ამ დასკვნამდე მიხვალთ. როგორ წარმოუდგენიათ, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენდეს? ეს არის აბსურდი, სადაც პატარა საქართველო სამიზნედ გაიხადეს, რათა თავისუფალი სიტყვის გაჟღერება აღარ მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა საქართველოზე და არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვაზე. ჩაგვრის ობიექტად გამხდარ ამ ორ ტელევიზიას მთელი ქვეყანა გვერდში დაუდგება, რომ ძალმომრეობა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა არ იგრძნონ, რაც დიდი ბრიტანეთისგან ვიხილეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.