ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიას შეხვდა

ნათია თურნავა

 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს  შეხვდა.

განიხილეს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ჩარჩოს შემდგომი განვითარების საკითხები. მათ შორის, ლიკვიდობის მართვის ოპერაციების განხორციელებისას გამოყენებული უზრუნველყოფის ჩარჩოს დახვეწისა და შესაბამისი რისკების მართვის საკითხები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ლარის ფულად და სახაზინო ვალდებულებების ბაზრებზე ლიკვიდობის გაუმჯობესებასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობის გაზრდას, განსაკუთრებით, რეპოს ბაზრის განვითარების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ სსფ-ის ტექნიკური დახმარების მისიამ მიმდინარე წლის 18 თებერვლიდან ინტენსიურ რეჟიმში პროდუქტიული შეხვედრები გამართა საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, ასევე, საპენსიო სააგენტოსა და წამყვანი კომერციული ბანკის ხაზინის სამსახურების ხელმძღვანელებთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. როგორც  ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია სსფ-თან თანამშრომლობა მონეტარული ოპერაციების განხორციელების ჩარჩოს მუდმივი გაუმჯობესებისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი პარტნიორებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და ეროვნული ბანკის სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები.