„დავეხმაროთ, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია... 12-წლიანი ომისა და დევნილობის შემდეგ, ასეთი ტრაგედიის ნახვა საკმარისია“ - გაეროს წარმომადგენელი სირიაში არსებული მძიმე ვითარებით შეშფოთებულია

სირია

„ჩვენ გვჭირდება დახმარება, სასიცოცხლო დახმარება, ეს უკიდურესად საჭიროა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, საზღვრების მიუხედავად. ჩვენ ეს გვჭირდება სასწრაფოდ, უსწრაფესი, ყველაზე პირდაპირი და ეფექტური მარშრუტებით. მათ მეტი სჭირდებათ, აბსოლუტურად ყველაფერი“, - ასე ეხმაურება გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გეირ პედერსენი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სირიაში არსებულ ვითარებას. 

„როგორც მოგეხსენებათ, პრობლემა გვქონდა საზღვრის გადაკვეთაზე, რადგან დანგრეულია სასაზღვრო პუნქტამდე მიმავალი გზები (თურქეთსა და სირიას შორის). მაგრამ დღეს დავრწმუნდით, რომ შევძლებთ პირველი დახმარების გატარებას... 

გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირება არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, პირიქით, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც სასწრაფოდ არის საჭირო, დავეხმაროთ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს, მათ, ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეგვიძლია, მათ, ვისი სიცოცხლეც განადგურებულია რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული მიწისძვრით. 12 წლიანი ომისა და დევნილობის შემდეგ, ასეთი ტრაგედიის ნახვა შუა ზამთარში ნამდვილად საკმარისია“, - განაცხადა გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა.