CONCLAVE-ის დასს, მათ შორის მერაბ ნინიძეს, CRITICS CHOICE AWARDS-ის ჯილდო გადაეცა

CONCLAVE

 2025 წლის Critics Choice Awards-ის გამარჯვებულები ცნობილია, მათ შორის არის ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლი ფილმ Conclave-ში შეასრულა.

რელიგიური დრამამ ამერიკული კინოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე, Critics Choice Awards-ზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო სცენარი და საუკეთესო სამსახიობო შემადგენლობა.

ნინიძის გარდა ჯილდო გადაეცათ რალფ ფაინსს, სტენლი ტუჩის, ჯონ ლიტგოუს, სერჯიო კასტელიტოს, იზაბელა როსელინის, ლუსიან მსამატის, კარლოს დიეზს, ბრაიან ო'ბირნს, თომას ლოიბლს, ჯეკ კომანს, ლორის ლოდისა და ბალკისა მაიგას.

რიგით 30-ე დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი - 3 ჯილდო, ერთდროულად სამმა სურათმა მიიღო: Emilia Perez, The Substance, WIcked.

ღონისძიების ტრიუმფატორი Anora გახდა, რომელიც Critics Choice Awards-ის ისტორიაში პირველი საუკეთესო ფილმის ტიტულის მფლობელია, რომელმაც ვერც ერთ სხვა კატეგორიაში ვერ გაიმარჯვა.

Conclave ოსკარის 11 და BAFTA-ს 8 ნომინაციაზეა წარდგენილი. გარდა ამისა, ფილმმა წლის დასაწყისში, საუკეთესო სცენარის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მოიპოვა.