CNN: ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

კეშ პატელი

ირანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კეშ პატელის პირად ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა მოიპოვეს და მისი ანგარიშიდან აღებული მასალები - მათ შორის ფოტოები და დოკუმენტები - გამოაქვეყნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს პატელის ფოტოები, რომლებიც გადაღებულია მის FBI-ის დირექტორად დანიშვნამდე. ისინი ამტკიცებენ, რომ ფოტოები მისი პირადი ელექტრონული ფოსტიდან მოიპარეს. ინციდენტში ჩახედულმა წყარომ დაადასტურა ამ სურათების ავთენტურობა.

მოპარული წერილები, სავარაუდოდ, 2011-დან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს და შეიცავს პატელის პირად, საქმიან და სამგზავრო მიმოწერას სხვადასხვა კონტაქტებთან. ამას მოწმობს ფაილების წინასწარი მიმოხილვა, რომელიც CNN-მა კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელ მკვლევართან ერთად ჩაატარა.

ის, რასაც ჰაკერული დაჯგუფება „FBI-ის გაუვალი სისტემების“ გატეხვას უწოდებს, სინამდვილეში ბევრად უფრო ბანალური რამაა - ოჯახური ფოტოებისა და პატელის მიერ ბინის ძიებასთან დაკავშირებული დეტალების მოპარვა - განაცხადა მკვლევარმა, რონ ფაბელამ.