„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა - ჟან-ნოელ ბარო

didi shvideuli

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვებს – ენერგეტიკას, სურსათს და სასუქს, რაც უშუალოდ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „აუცილებელია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული და უსაფრთხო თავისუფლების აღდგენა“.

ამასთან, როგორც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, „დიდი შვიდეულის“ მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

მისივე თქმით, ამ თავდასხმებს არაფერი ამართლებს და მშვიდობიანი მოსახლეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიმეორა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდება ჰორმუზის სრუტეში „გემების თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობის“ უზრუნველსაყოფად.

ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანახმაა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა გააცნოს და ერთობლივად იმუშაონ შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად.