ჩვენ პატარა ექსკურსია ჩავატარეთ, რადგან ვიგრძენით, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა ბოროტებისგან თავის დასაღწევად, ომი საკმაოდ სწრაფად დასრულდება - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

 ჩვენ პატარა ექსკურსია ჩავატარეთ, რადგან ვიგრძენით, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა ბოროტებისგან თავის დასაღწევად. ომი საკმაოდ სწრაფად დასრულდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დიდი ხნის წინ უნდა განხორციელებულიყო.

„ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად მიდის. ვგულისხმობ, ისეთ დონეზე, რომელიც ვერავის წარმოედგინა. ჩვენ პატარა ექსკურსია ჩავატარეთ, რადგან ვიგრძენით, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა ბოროტებისგან თავის დასაღწევად. ვფიქრობ, ნახავთ, რომ ეს მოკლევადიანი ექსკურსია იქნება. რამდენად კარგია ჩვენი სამხედრო ძალები, არა?! მე სამხედრო ძალები აღვადგინე. არ მეგონა, რომ მეორე ვადის განმავლობაში ასე ხშირად მომიწევდა მისი გამოყენება. მსოფლიო ახლა უფრო მეტად გვაფასებს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უკვე ბევრი კუთხით მოვიგეთ, მაგრამ საკმარისად არ მოგვიგია. ჩვენ წინ უფრო მტკიცედ მივდივართ, ვიდრე ოდესმე, რათა მივაღწიოთ საბოლოო გამარჯვებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ დიდი ხნის საფრთხეს. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. მსოფლიო სხვა ადგილი იქნებოდა, რომელიმე პრეზიდენტს რომ ჰქონოდა გამბედაობა, წასულიყო და გაეკეთებინა ეს. მათ ეს ბევრჯერ, ბევრჯერ უნდა გაეკეთებინათ. მათ ბევრი შესაძლებლობა ჰქონდათ. ამერიკის შეერთებული შტატები კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი და გამორჩეული ერია და მას ვეღარ დაემუქრებიან ბოროტი ტერორისტები და შეშლილები. ჩვენს ისრაელელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ტექნიკური უნარებისა და სამხედრო ძალის დემონსტრირებით ვანადგურებთ მტერს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანის დრონებისა და სარაკეტო შესაძლებლობები მთლიანად განადგურებულია.

„საზღვაო ფლოტი გაქრა. ყველაფერი ოკეანის ფსკერზეა. 46 გემი. წარმოგიდგენიათ? ამას სამ-ნახევარი დღე დასჭირდა. ერთ კვირაში ისინი ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. 100 პროცენტით. მათ ჰქონდათ ყველა ეს რაკეტა, გაცილებით მეტი, ვიდრე ვინმეს ეგონა და ისინი ჩვენზე თავდასხმას აპირებდნენ. ისინი მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ისრაელზე თავდასხმას აპირებდნენ და ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში, მას ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ და ეს იქნებოდა მასშტაბური თავდასხმა. ახლა რაკეტები ძირითადად განადგურებულია. დრონები განადგურებულია და ჩვენ ვურტყამთ იქ, სადაც ისინი ამზადებენ დრონებს. დასრულებისთანავე გაცილებით უსაფრთხო სამყარო გვექნება და ეს საკმაოდ სწრაფად დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.