ჩინეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, კოსმოსში სამხედრო ძალების გაძლიერება შეწყვიტოს

ჩინეთი აშშ

ჩინეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, კოსმოსში სამხედრო ძალების გაძლიერება შეწყვიტოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი გუო ძიაკუნი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ შტატების მიერ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღის განთავსებას შეიძლება, გლობალური შეიარაღების რბოლა მოჰყვეს.

„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, შეწყვიტოს კოსმოსში სამხედრო ძალების გაძლიერება და კონკრეტული ქმედებებით დაიცვას გლობალური სტრატეგიული სტაბილურობა“, – განაცხადა გუომ.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს ვაშინგტონმა დაადასტურა, რომ დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი განათავსა. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ასეთი შეტევითი შესაძლებლობების ფლობა აღიარა. აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა განაცხადა, რომ დედამიწის ორბიტაზე იარაღის ფლობა აუცილებელია აშშ-ის ძალების მტრული ქმედებებისგან დასაცავად. საჰაერო, კოსმოსურ და კიბერკონფერენციაზე გამოსვლისას მეინკმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის „მზარდი საფრთხეებისთვის“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია იარაღის შესაძლებლობები ან როდის გაიგზავნა ის ორბიტაზე. 1967 წლის ხელშეკრულებით, მასობრივი განადგურების იარაღის ორბიტაზე გამოყენება აკრძალულია.