ChatGPT-ს აგენტის რეჟიმი დაემატა, რომელიც საქმეს ჩვენ მაგივრად გააკეთებს - რა ვიცით

ChatGPT-ს აგენტის რეჟიმი

 ChatGPT-ს ახალი რეჟიმი დაემატა, რომელიც ჩატბოტს ციფრულ აგენტად აქცევს. ChatGPT Agent ჩვენი პირადი ასისტენტის როლს შეითავსებს და სანახევროდ ავტონომიური იქნება, ანუ დავალებებს ჩვენი მინიმალური ჩარევით შეასრულებს. აგენტი 17 ივლისს გახდა ხელმისაწვდომი ფასიანი ვერსიის გამომწერებისთვის.

სიახლის შესახებ სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, და მისმა გუნდმა ისაუბრეს. გაგვაცნეს ChatGPT Agent-ის ფუნქციებიც.

 

 

 როგორც ჩანს, აგენტს შეუძლია, მითითების საფუძველზე რეალური საქმეები შეასრულოს და გრძელი მოხსენებები წარმოგვიდგინოს იმაზე, რასაც ონლაინ იპოვის. შეგვიძლია, იგი სხვა პროგრამებსა და ანგარიშებსაც დავუკავშიროთ — მაგალითად, კალენდარს და იგი გეგმაში ცვლილებების შეტანას შეძლებს; თუკი PowerPoint-ს დავუკავშირებთ, იგი პრეზენტაციებს ააწყობს და ა. შ.

ChatGPT-ს ჩვეულებრივი მუშაობისგან აგენტის რეჟიმი ავტონომიურობის ხარისხით განსხვავდება. მაგალითად, თუკი ChatGPT-ს რამეს ვკითხავთ, პასუხს ვიღებთ, შემდეგ სხვა აპლიკაციას ვხსნით და პასუხის შესაბამისად მოქმედებას ვასრულებთ. აგენტის რეჟიმი საშუალებას მოგვცემს, ChatGPT-ს მოქმედებები ერთდროულად შევასრულებინოთ, მაგალითად ასე: "ტოკიოში მოგზაურობის დაგეგმვაში მინდა დამეხმარო, სამი სასტუმრო იპოვე ღამეში $150-ზე დაბალი ფასით და ცხრილის სახით წარმოადგინე, რომელშიც თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები იქნება გამოტანილი".

აღსანიშნავია, რომ ChatGPT Agent-ს ჩატბოტის სხვა ფუნქციების, Operator-ისა და Deep Research-ის, ელემენტებიც აქვს. მეორე მხრივ, მათგან განსხვავებით შეუძლია, სხვადასხვა საქმე ერთი დავალების ფარგლებში გააკეთოს შეუფერხებლად. მაგალითისთვის, თუკი სადილის დაჯავშნა მოგვინდება, იგი შესაბამის ადგილებს შემოგვთავაზებს და დამატებით იმასაც გადაამოწმებს კალენდარში, როდის გვცალია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აგენტი დამოუკიდებელი მხოლოდ ნაწილობრივ იქნება. მაგალითად, სასტუმროს იგი პირდაპირ არ დაჯავშნის და ჯერ ჩვენს ნებართვას მოითხოვს.

ალტმანმა და მისმა გუნდმა პირდაპირ რეჟიმში ისიც გვაჩვენა, თუ როგორ ასრულებს აგენტი პრაქტიკულ დავალებებს. მათ აგენტს სთხოვეს, რომ "დაეგეგმა და შეეძინა ინგრედიენტები, რათა ოთხი ადამიანისთვის საუზმე გაემზადებინათ"; სთხოვეს ისიც, რომ სამი კონკურენტი გაეანალიზებინა და პრეზენტაცია აეწყო.

ChatGPT-ს აგენტი მხოლოდ ჩატბოტის ფასიანი ვერსიის — Pro, Plus ან Team — გამომწერებისთვის არის ხელმისაწვდომი. უფასო ვერსიის მომხმარებლები მისით სარგებლობას ვერ შეძლებენ, ყოველ შემთხვევაში ამჟამად. აგენტის გააქტიურება "agent mode" ღილაკის არჩევით არის შესაძლებელი ChatGPT-ს ხელსაწყოების მენიუდან.