გასაჯაროვდა ჩერნობილის ავარიიდან 40 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგები
1792264231
შაბათს საფრანგეთში 1 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც უფროსკლასელების მხარდამჭერი მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
საფრანგეთის მასშტაბით ათობით ქალაქში ასობით ათასი მოქალაქე მშვიდობიანად აპროტესტებდა მაღალ ფასებსა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუარესებას. თუმცა, მოგვიანებით აქციებს რადიკალურად განწყობილი ჯგუფები შეუერთდნენ, რამაც ვითარება უმართავი გახადა.
მომიტინგეთა აგრესიულმა ჯგუფებმა იერიში მიიტანეს სახელმწიფო დაწესებულებებზე, ლუქს-კლასის ბუტიკებსა და სუპერმარკეტებზე, ცეცხლი წაუკიდეს შენობებსა და ავტომობილებს, ხოლო პოლიციელების მიმართულებით ასაფეთქებლები და ქვაფენილის ნატეხები ისროლეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შაბათს გვიან საღამოს გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულია 150 პოლიციელი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, „დემონსტრაცია ხელში ჩაიგდეს მოძალადეებმა“. მინისტრმა მკაცრად დაგმო ძალადობა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამასთან, მან დასძინა, რომ მთავრობა ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს.
განსაკუთრებით მძიმე ზიანი მიადგა ქალაქ ლიმოჟს, სადაც ნიღბიანმა პირებმა 143 წლის ისტორიულ მერიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
„დასავლეთ ფრთის გარდა, სახურავი ჩამოინგრა, ხოლო ფასადის ორ მესამედზე მეტი განადგურებულია. ეს არის ნამდვილი კატასტროფა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, — განაცხადა ადგილობრივმა პრეფექტმა მორის ბარატმა.
მარსელში მომიტინგეებმა მერიის ჭიშკარი ქუჩიდან მოხსნილი დამცავი ბარიერებით შეანგრიეს და შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციის მიერ ტერიტორიიდან გაყვანამდე, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კედელზე ანარქიის სიმბოლოს მიხატვა მაინც მოასწრო.
დაძაბული ვითარება იყო დედაქალაქშიც. პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე მშვიდობიანი მსვლელობა მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. „ბასტილიას ვიღებთ!“ - ყვიროდნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები, რომლებიც სანაგვე ურნებსა და სატვირთო ავტომობილებს ცეცხლს უკიდებდნენ, ამტვრევდნენ მინის კონტეინერებს და ბოთლებს პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ. ხანძარი სატვირთოდან ახლომდებარე შენობაზეც გადავიდა. მაჟანტას ბულვარზე კი ვანდალებმა ათობით მაღაზია გატეხეს და გაძარცვეს.