ბრიტანულმა INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

ბათუმი

პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, აღვნიშნო, ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია საზღვაო ტურისტული სეზონის. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები და მათ შორის აქ წარმოდგენილი ზოგიერთი მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერების და ასევე ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით, ცდილობდნენ, მაქსიმალურად მოეხდინათ სეზონის გაფუჭება, დისკრედიტაცია, თუმცა ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას. შესაბამისად, ჩვენ გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი და ასევე, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ჯგუფები ახდენენ გარკვეულწილად იმ ევროპული არჩევანის დისკრედიტაციას, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება და ეს მძარცველები ჩვენ გვიწუნებენ ჩვენს საგარეო კურსს. თუმცა, ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ცხადია, რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ იმ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ აუცილებლად შევძლებთ, რომ გვქონდეს დადებითი შედეგები ყველა მიმართულებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში, საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და შვეიცარიის გვერდით, ბათუმი მეორე ადგილს იკავებს.

„ათი შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში მაღალრეიტინგული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი აქტიურ მოგზაურებს ურჩევს, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ.

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ბათუმი თავად არის კულტურების, გემოების, თავგადასავლებისა და ემოციების გზაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს შუა საუკუნეების ხიდებს, უძველეს კულტურულ არტეფაქტებს, თვალწარმტაც ტბებსა და აუთენტიკურ სტუმართმოყვარე სოფლებს“, – წერს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

„ნამდვილი სილამაზე, ბათუმი – საქართველოს მეორე ქალაქი შავი ზღვის მდიდრულ სანაპიროზე – სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. რატომ? 2000-წლიანი მომხიბვლელი ისტორიის განმავლობაში ის შთამაგონებელი ადგილი იყო ისეთი ცნობილი მწერლებისთვის, როგორებიც იყვნენ ჯონ სტეინბეკი, კნუტ ჰამსუნი, ჯორჯ სიმენონი და მსოფლიოს წამყვანი ფიგურები – ძმები ნობელები და ალფონს როტშილდი. მსოფლიო დონის ქალაქის ცენტრში თავმოყრილია ძვირად ღირებული სასტუმროები, საუკეთესო რესტორნები, სპორტული ნაგებობები და გაჟღენთილია უტყუარი ემოციებით, კლასიკური ტრადიციების პატივისცემითა და მომხიბვლელი ხელოვნების ნიმუშებით. გადაუხვიეთ ჩვეულ მარშრუტს და აღმოაჩინეთ შეუდარებელი ბათუმი“, – ნათქვამია გამოცემის სტატიაში, რომელსაც აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ამასთან, აჭარის მთავრობის ცნობით, World Travel Awards-ის ევროპის გალაცერემონიას ბათუმი 30 სექტემბერს უმასპინძლებს.

„მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალაცერემონიას ბათუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურ-სააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში ხორციელდება. World Travel Awards-ის დაჯილდოების ყველა ცერემონიაზე, რომლებიც, ევროპის გარდა, სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული. გასულ წელს ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის, და შემდეგ უკვე, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. წელს კი ტურიზმის მთავარი მოთამაშეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS-ის ევროპის გალაცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.