ბრიტანული მედია: ფიფას პრეზიდენტი რუსეთს ფეხბურთის ჩემპიონატისთვის კარებს უხსნის მას შემდეგ, რაც ზელენსკი თეთრი სახლიდან „გააძევეს“

ტრამპი

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ აღიარა, რომ მას მომავალში რუსეთის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება სურს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის მტკიცებით, რუსეთს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირზე თამაში 2022 წლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო აქვს აკრძალული.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება სურს.

როგორც გამოცემა იუწყება, პუტინისთვის შეთავაზებული გარიგება უკრაინის მონაწილეობას გამორიცხავს, რომლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ პარასკევს თეთრის სახლიდან გააძევეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრაპმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს, რომელსაც ინფანტინოც ესწრებოდა, ერთი კვირის წინ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა.

ახლა ინფანტინო, როგორც ჩანს, ტრამპის მხარეს დადგა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩემპიონატის წარმატებისთვის. ინფანტინო ისურვებდა, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო არენას დაჰბრუნებოდა.

„ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს მშვიდობა“, - თქვა ინფანტინომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მოლაპარაკებებზე ჩასვლისთანავე.

“თუ ფეხბურთს რამე როლის შესრულება შეეძლება, როგორც კი აღდგება მშვიდობა, ჩვენ ჩვენს როლს შევასრულებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა ექნება“, - დასძინა მან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში - აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება.

ინფანტინომ აღნიშნა, რომ ის ამაყია იმით, რომ მიუხედავად უამრავი კრიტიკისა მან ბოლო ორი ჩემპიონატის ჩატარება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რუსეთსა და კატარში შეძლო.

„ფეხბურთი არის ყველას თამაში. ყველას უყვარს ფეხბურთი. ის მსოფლიოში პირველი სპორტია“, - აღნიშნა ინფანტინომ.