„ბლუმბერგი“ – რუსეთი აპირებს, გაზარდოს უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებით მასირებული დარტყმების ინტენსივობა, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა

პუტინი

რუსეთი აპირებს, გაზარდოს ბალისტიკური რაკეტებით მასირებული დარტყმების ინტენსივობა უკრაინაზე, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მოსკოვი განიხილავს კიევის, კერძოდ, დედაქალაქის ცენტრის და სხვა უკრაინული ქალაქების ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვის გაძლიერების შესაძლებლობას.

წყაროების თქმით, მოლაპარაკებების მცდელობები პრაქტიკულად ჩავარდა და მხარეები საწყის წერტილს დაუბრუნდნენ. მათივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს არ შეწყვეტს არც სანქციების ეკონომიკური ზეწოლის და არც რუსეთის ნავთობის გადამმუშავებელ ქარხნებსა და ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის იერიშების ზეგავლენით.

„ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, მოსკოვი უკრაინის თავდასხმებს ნატო-ს ქვეყნების მხრიდან განხორციელებულ იერიშებად აღიქვამს, ვინაიდან ალიანსის წევრები კიევს იარაღითა და სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებენ. მათივე თქმით, საბრძოლო მოქმედებების ამჟამინდელი ფაზა სამხედრო ესკალაციის პიკი არ არის.

კრემლთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, დიპლომატიური ძალისხმევის არარსებობის პირობებში, მოსკოვს სამხედრო მიზნების მისაღწევად კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის გარდა დიდი ალტერნატივა არ რჩება.

რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები – ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი მოსკოვს ახალი წინადადებებით ეწვევიან, თუმცა, წყაროების თქმით, მოლაპარაკებებში პროგრესის მოლოდინი დაბალია.

გამოცემის ინფორმაციით, სულ უფრო მეტი რუსი მაღალჩინოსანი მიდის დასკვნამდე, რომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, პუტინმა  უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც უკიდურესი ზომა.

გამოცემა განმარტავს, რომ ამჟამად არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.