„ბლუმბერგი“ - აშშ უკრაინაში მშვიდობის დამყარების გეგმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის

უკრაინა

აშშ-ი უკრაინაში მშვიდობის დამყარების გეგმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, აშშ-მა მოკავშირეებს წარუდგინა წინადადება, რომელიც მიმართულია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ. ეს პროექტი მოიცავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას და მდგრადი ზავის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას.

როგორც „ბლუმბერგს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, აშშ-ის გეგმის კონტურები პარიზში გამართული მოლაპარაკებების დროს იყო გაჟღერებული. ამ მოლაპარაკებებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ასევე საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერების მრჩევლები მონაწილეობდნენ.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, აშშ ფაქტობრივად გამოდის კონფლიქტის გაყინვის წინადადებით. ამასთან, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მოსკოვის კონტროლქვეშ დარჩება. ამ გეგმის უფრო კონკრეტული დეტალები „ბლუმბერგის“ წყაროებს არ წარმოუდგენიათ.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების გეგმა, იმ პირობებში თუ უკრაინული ტერიტორიები კვლავ რუსეთის მიერ იქნება ოკუპირებული, აშშ-ის მოკავშირეებში შეშფოთებას იწვევს.

ცნობისთვის, ევროკავშირის სანქციების შესამსუბუქებლად კავშირის წევრი 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.