Bloomberg: რუსულმა რუბლმა მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ზრდა აჩვენა

რუბლი

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსულმა რუბლმა წელს დოლართან მიმართებით ყველა ძირითად ვალუტას გადაასწრო, რაც თავად მონეტარული პოლიტიკის შემმუშავებლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

წლის დასაწყისიდან რუბლი 45%-ით გამყარდა და ვაჭრობა დაახლოებით 78 რუბლის ნიშნულზე მიმდინარეობს ერთ დოლართან მიმართებით, რაც ძალიან მიახლოებულია იმ დონეებთან, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე - თითქმის ოთხი წლის წინ ფიქსირდებოდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ეს გამყარება, მონაცემების მიხედვით, ყველაზე ძლიერი იყო სულ მცირე 1994 წლიდან.

მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად იქცა რუსეთში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება საერთაშორისო სანქციების ფონზე, ხოლო, განსაკუთრებულად მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ რუბლში დენომინირებული აქტივები უფრო მიმზიდველი გახადა ადგილობრივებისთვის. ცენტრალური ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი გასული წლის ოქტომბრიდან ივნისამდე რეკორდულად მაღალ დონეზე შენარჩუნდა, რის შემდეგაც პოლიტიკის შემმუშავებლებმა იგი ჯამურად 5 პროცენტული პუნქტით შეამცირეს და 16%-მდე დაიყვანეს.

ვალუტის გამყარებას ხელი შეუწყო ასევე რუსეთის ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვებმა, რაც ასახავს ფინანსთა სამინისტროს ოპერაციებს - ის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან იუანსა და ოქროს ყიდის დაკარგული ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შესავსებად.

Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, წელს რუბლის გამყარება მას სპოტ-შემოსავლიანობის მიხედვით მსოფლიოში ხუთ ყველაზე შედეგიან აქტივს შორის აყენებს - პლატინის, ვერცხლის, პალადიუმისა და ოქროს შემდეგ.