Bloomberg: ემანუელ მაკრონი განიხილავს პარლამენტის დათხოვნისა და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი განიხილავს პარლამენტის დათხოვნისა და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტოს თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, ბოლო კვირების განმავლობაში მაკრონმა საკუთარ გარემოცვასთან კონსულტაციები გაიარა აღნიშნულ სცენართან დაკავშირებით.

როგორც წყაროები აცხადებენ, ეს განხილვები საკონსულტაციო ხასიათისაა და არანაირი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

საფრანგეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2029 წელს უნდა გაიმართოს.

გასული წლის დეკემბერში მაკრონმა პარტიის ლიდერებს განუცხადა, რომ თავიდან აირიდებდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მისი მანდატის ამოწურვამდე.