ბევრმა მკითხა, ათბალიანი შკალით როგორ შეაფასებდით მიმდინარე ოპერაციასო? მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით 15-ით - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ამერიკა და ისრაელი ირანის ობიექტების დაბომბვას განაგრძობენ - გასულ ღამეს თეირანში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" დრონების საწარმო გაანადგურეს, ქვეყნის სამხრეთით კი "ცახალმა" დამატებითი ქვეითი დანაყოფები განათავსა.

კონფლიქტში ახალი მოთამაშეები ერთვებიან - ასეულობით ქურთმა მებრძოლმა ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რასაც თეირანმა ერაყის ქურთისტანის რეგიონში მდებარე შტაბ-ბინაზე სარაკეტო იერიშით უპასუხა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას, ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. სარაკეტო დარტყმების შედეგად, ასევე დაღუპულია ირანის სამხედრო სარდლობისა და ხელისუფლების 40 წარმომადგენელი.

"ფრონტზე ძალიან კარგად მიგვდის საქმე. ბევრმა მკითხა, ათბალიანი შკალით როგორ შეაფასებდით მიმდინარე ოპერაციასო? მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით 15-ით. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ძალა, ირანი კი უდიდესი საფრთხე იყო. 47 წლის მანძილზე, ისინი ხოცავდნენ ჩვენს ხალხს და ხალხს მთელი მსოფლიოდან.

ვფიქრობ, დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მგონია, პირველებს ჩვენ რომ არ გვექნა ეს, ირანი ისრაელს დაესხმოდა თავს და ჩვენც დაგვარტყამდა.

ახლა ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ, მინდა ეს იცოდეთ და წინსვლას გავაგრძელებთ. ეს სამხედრო ძალის შესანიშნავი დემონსტრირებაა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.