ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან სამხედროების მითითებები

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან სამხედროების მითითებები.

ეს განცხადება ისრაელის მთავრობის მეთაურმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ-ში ამბობენ, რომ ირანი ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ამზადებს.

„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კამპანიის შუაგულში ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. გუშინ ვთქვი, რომ ეს დღეები დიდი მიღწევებისა და დიდი გამოწვევების დღეებია. დიდი მიღწევები, რადგან ჩვენ ჩავშალეთ ნასრალასა და მისი ზედა სარდლობის, ასევე „ჰეზბოლას“ გეგმა გალილეის ოკუპაციის შესახებ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა ჩრდილოეთში თავიანთ სახლებში, მაგრამ მეორე მხრივ, არის დიდი გამოწვევები“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, ერთიანობა შეინარჩუნონ.

„ჩვენ მტკიცედ ვიდგებით ერთად მომავალ დღეებში, როდესაც გამოცდა გველოდება. ერთად ვიდგებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია ირანის ნებისმიერი თავდასხმისთვის და ქვეყნის მოკავშირეებიც მზად არიან.

როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.