ბენიამინ ნეთანიაჰუ: ევროპა არსებითად არარელევანტური გახდა და გამოავლინა უზარმაზარი სისუსტე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ევროპა არსებითად არარელევანტური გახდა, – ამის შესახებ ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა მკაცრად გააკრიტიკა ა ღაზის სექტორში ისრაელის სტრატეგიასთან დაკავშირებით ევროპის პოზიცია და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი არ არის წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის პროცესში.

ნეთანიაჰუს თქმით, ევროპა არ მონაწილეობს სამშვიდობო გეგმის პროცესში, რადგან „ევროკავშირი ფაქტობრივად დანებდა პალესტინურ ტერორიზმსა და რადიკალ ისლამისტურ უმცირესობას“.

„სწორედ ამიტომ, ევროპა არსებითად არარელევანტური გახდა და გამოავლინა უზარმაზარი სისუსტე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ისრაელის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის 15 წევრი ქვეყანა, რომლებმაც გადაწყვიტეს, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო. მისი შეფასებით, ეს არის „ჯილდო ისლამისტებისთვის“.

„ევროპამ უბრალოდ თქვა, რომ მოდით, მივცეთ პალესტინას სახელმწიფო, რაც იქნება უმაღლესი ჯილდო „ჰამასისთვის“, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა მოაწყო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, ევროპის ქვეყნების ამ გადაწყვეტილებამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ისრაელს, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთს.

„ჩვენ გვირჩევნია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა რეალისტურ ევროპასთან, რომელიც მოიტანს რეალურ მშვიდობას და არა საშინელი ომის განმეორებას.. იმედი მაქვს, ევროპა შეცვლის კურსს. ზოგიერთმა ეს გააკეთა, ზოგიერთმა – არა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.