სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1706555509
16 დეკემბერს, ბუნდესტაგმა უნდობლობა გამოუცხადა სოციალისტ ოლაფ შოლცის მთავრობას, რომელიც კოალიციურ პარტნიორთან, პარტია „თავისუფალ დემოკრატებთან“ კამათის შემდეგ, პარლამენტში უმცირესობაში დარჩა.
ეს კენჭისყრა იყო პროცედურული ნაბიჯი ვადამდელი არჩევნებისკენ, რომელიც 23 თებერვალს ჩატარდება. ამ არჩევნებში გამარჯვებული, სავარაუდოდ, იქნება CDU (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი) /CSU (ქრისტიან-სოციალისტთა კავშირი) ბლოკი, რომელსაც ფრიდრიხ მერცი ხელმძღვანელობს. ამჟამად, გამოკითხვების მიხედვით, CDU/CSU ამომრჩეველთა 30-33%-ის მხარდაჭერით სარგებლობს და თუ მისი რეიტინგი დარჩენილ ორ თვეში მოულოდნელად არ ჩამოიშალა, ასეთი მაჩვენებელი ბლოკს პირველ ადგილსა და მერცის ხელმძღვანელობით მთავრობის შექმნის გარანტიას აძლევს.
ნახევრად მივიწყებული მერცის დაბრუნება
2018 წელს, როდესაც ფრიდრიხ მერცმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო დიდ პოლიტიკაში და კენჭი ეყარა ანგელა მერკელის შემდეგ, მან პრესკონფერენციის დასაწყისში მიზანშეწონილად ჩათვალა შეეხსენებინა ჟურნალისტებისთვის, რომ მისი გვარი, მართალია, მარტის თვის დასახელებასავით ჟღერს, მაგრამ განსხვავებულად იწერება: Merz-ი და არა März-ი (მარტი გერმანულად იწერება როგორც - März ). იმავდროულად, აღნიშნულ მოვლენამდე, სულ რაღაც, 10 წელიწად-ნახევრით ადრე, მერცი იყო ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მაშინდელ ოპოზიციურ CDU/CSU-ში და ანგელა მერკელთან ერთად ლიდერობისთვის იბრძოდა. დღეს უკვე, სავსებით შესაძლოა, რომ 69 წლის მერცმა გერმანიის პოლიტიკის მწვერვალს საბოლოოდ მიაღწიოს. სავარაუდოდ, თებერვლის არჩევნების შემდეგ, ის გერმანიის კანცლერი გახდება.
ექვსი წლის წინ, ფრიდრიხ მერცის პოლიტიკაში დაბრუნება, რომელიც კლასიკური მემარჯვენე ლიბერალი იყო და საგადასახადო სისტემის გამარტივებასა და იმიგრაციის შეზღუდვას მოითხოვდა, მერკელის შემცვლელად CDU-ს რიგით წევრებს შორის მაშინვე პოპულარული გახდა, მაგრამ პარტიის ე.წ. ისტებლიშმენტმა ეს განწყობა არ გაიზიარა. ჯერ 2018 წელს, მერკელის პროტეჟე ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი აირჩიეს პარტიის ლიდერად, 2021 წელს კი - არმინ ლაშეტი. 2021 წელს ამ უფერულმა ფიგურებმა - მერკელთან ერთად, რომელიც კანცლერად დარჩა - CDU არჩევნებში დამარცხებამდე მიიყვანა და საბოლოოდ, პარტიამ, მესამე მცდელობით, ლიდერად ფრიდრიხ მერცი აირჩია.
რა პოლიტიკას გაატარებს მერცი, თუ გერმანიის მთავრობას უხელმძღვანელებს? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პოლიტიკა უმეტესწილად დამოკიდებული იქნება სამთავრობო კოალიციის მომავალ პარტნიორებთან შეთანხმებაზე. მეორე მხრივ, ოპოზიციური პოლიტიკოსის განცხადებები და იმავე პოლიტიკოსის ქმედებები, საჯარო თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, შეიძლება ძალიან ხშირად განსხვავდებოდეს. ამას, შესაძლოა, სხვადასხვა ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს გერმანიის მომავალი კანცლერის შეხედულებები და განცხადებები.
რაკეტები უკრაინისთვის
ბოლო ორი წლის განმავლობაში, მერცმა, როგორც ოპოზიციონერმა, ოლაფ შოლცი უკრაინის დახმარების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა. მან ოქტომბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში, მოქმედ კანცლერს მოუწოდა, ოფიციალური კიევისთვის Taurus-ის რაკეტები მიეცა. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში მან ისიც განაცხადა, რომ შოლცის ადგილზე უკრაინელებს ამ რაკეტებს მისცემდა, თუმცა იქამდე ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საერთო სარაკეტო პოლიტიკას შეიმუშავებდა და პუტინისგან უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერებას მოითხოვდა. ამავდროულად, მერცი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მშვიდობისკენ მოწოდებით, მას სულაც არ სურდა, რომ უკრაინა პუტინის რუსეთის მოთხოვნებს ყველაფერში დამორჩილებოდა. „უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. პუტინი მხოლოდ მაშინ წავა მოლაპარაკებებზე, როდესაც უკრაინა თავის დაცვას შეძლებს“, - განაცხადა მერცმა კიევში.
თავდაცვისთვის გამოყოფილი 130 მილიარდი
ისევე, როგორც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, ფრიდრიხ მერციც ამბობს, რომ ევროპა მზად უნდა იყოს დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკისთვის და ზოგადად, რუსული საფრთხისგან თავის დაცვა შეძლოს. თუმცა ბევრისგან განსხვავებით, ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ სამხედრო ხარჯებს სწრაფად გაზრდის. CDU-ს ლიდერის თქმით, სამხედრო ხარჯები მშპ-ს 2%-ის ოდენობით, არის ის სტანდარტი, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრებულია ნატოში და რომელსაც გერმანია მხოლოდ წელს მიუახლოვდა. მერცის აზრით, ეს მაჩვენებელი ძალიან ცოტაა, ამიტომაც, სულ ცოტა, 3%-ია საჭირო და ისიც, უახლოეს მომავალში. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მშპ-ს სამი პროცენტი შეადგენს დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს ან 127 მილიარდ ევროს. მერცის განცხადებით, რუსეთი ისეთი ტემპით იარაღდება, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას ხუთიდან რვა წელიწადში შეძლებს, ხოლო დასავლეთი, მისივე თქმით, შეცდა, როცა გადაწყვიტეა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. მერცის აზრით, მსგავსი ახალი შეცდომა გაცილებით ძვირი დაჯდება.
არალეგალი ემიგრანტებისთვის საზღვრის დაკეტვა
ფრიდრიხ მერცი აშკარად იმედოვნებს, რომ იმიგრაციასთან დაკავშირებით მის მთავარ კონკურენტს, ანტიემიგრანტულ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმებს წაართმევს. ის ითხოვს ღია კარის პოლიტიკის შეცვლას, რომელიც დაიწყო მისმა წინამორბედმა, CDU-ს ლიდერმა ანგელა მერკელმა. „რაღაც უნდა გაკეთდეს გერმანიის საზღვრებთან და ჩვენი წინადადებაა, სასწრაფოდ, დაუყოვნებლად დაიწყოს ხალხის უკან დაბრუნება. ვიცით, რომ 2015 წლიდან ეს იურიდიულად შესაძლებელია და ახლა, 2024 წელს, საბოლოოდ უნდა გავბედოთ და გავაკეთოთ ეს“, - ამბობს მერცი. ამავდროულად, ის მტკიცე უარს ამბობს მემარჯვენე რადიკალურ AFD-სთან („ალტერნატივა გერმანიისთვის“ ) თანამშრომლობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სამთავრობო კოალიციის შექმნაზე. არა და, AFD გამოკითხვებში, CDU/CSU-ს შემდეგ, მეორე ადგილზეა.
წავიდა, გამოიმუშავა და დაბრუნდა
იურისტი ფრიდრიხ მერცი 35 წლის წინ, 1989 წელს, გახდა ევროპარლამენტის წევრი CDU-დან, რომელსაც ახალგაზრდობაში შეუერთდა. ხუთი წლის შემდეგ, 1994 წელს, ის ბუნდესტაგის წევრი გახდა. 2000 წელს, როდესაც კანცლერი იყო "პუტინის მეგობარი", სოციალისტი გერჰარდ შროდერი, ხოლო ოპოზიციურ CDU-ს ხელმძღვანელობდა ედმუნდ შტოიბერი, მერცი ბუნდესტაგში ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. შტოიბერის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრედ მაშინ სწორედ ის ითვლებოდა. საბოლოოდ კი, ამ მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ანგელა მერკელმა მოიგო. 2002 წლის ვადამდელ არჩევნებში სოციალისტებთან ახალი დამარცხების შემდეგ, მერკელი სათავეში ჩაუდგა როგორც პარტიას, ასევე - ფრაქციას, მერცი კი თავის მოადგილედ „ჩამოალაბორანტა“.
მერკელის იდეოლოგიამ, რომელიც უფრო მემარცხენე იყო, ვიდრე - მერცის, საბოლოოდ, პარტიას წარმატება მოუტანა. 2005 წელს CDU/CSU-მ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში დაბრუნდა. მერცმა თანდათან შეწყვიტა ლიდერობისთვის ბრძოლა და 2009 წელს, 55 წლის ასაკში, პოლიტიკა საერთოდ დატოვა. ის თავისი სპეციალობით, კორპორაციული იურისტის თანამდებობაზე მუშაობდა. მერცი იყო რამდენიმე მსხვილი კომპანიის მრჩეველი და საბჭოს წევრი, ახლა კი, როგორც გერმანული პრესა ვარაუდობს, ის ძალიან მდიდარი ადამიანია. 2018 წელს, როდესაც 63 წლის მერკელმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლასა და პარტიის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებას აპირებდა, 62 წლის მერცმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო და მისი ადგილი დაეკავებინა.
მესამე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. მხოლოდ 2021 წლის შემოდგომაზე, ბუნდესტაგის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, CDU-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ლიდერის არჩევის უფლება პარტიის ყველა წევრისთვის მიეცა და ამის შედეგად, მერცმა ორ მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა. მან ხმების 62% დააგროვა.