ბარაკ ობამა: ალექს პრეტის მკვლელობა გზავნილი უნდა იყოს თითოეული ამერიკელისთვის, რომ ჩვენს ძირითად ღირებულებებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს

ბარაკ ობამა

მინეაპოლისში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ალექს პრეტის მკვლელობა შემზარავი ტრაგედიაა. ეს ინციდენტი გზავნილი უნდა იყოს თითოეული ამერიკელისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ ჩვენს ძირითად ღირებულებებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს“, - წერს ობამა X-ზე.

ქალაქ მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი - 37 წლის ალექს პრეტი მოკლეს. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა კაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. თუმცა, შტატისა და ფედერალურმა ოფიციალურმა პირებმა პრეტის გარდაცვალებამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გაავრცელეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა მიმდინარე თვეში, როდესაც ქალაქში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საემიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების გამკაცრების კამპანიის ფარგლებში, ფედერალურმა აგენტებმა ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს. დაახლოებით 3 კვირის წინ, საემიგრაციო აგენტებმა ამავე ქალაქში რენე გუდი მოკლეს.