აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი ინფორმაციას უარყოფს

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის არმიის დანაყოფები, რომლებიც განთავსებული არიან ვარდენისის რაიონის გარაიმანის და იუხარი შორჯას დასახლებების მიმართულებაზე, პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ ცეცხლსასროლი იარაღიდან.

„აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სასაზღვრო ზონაში სროლას უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ანგარიშების გამოსაძიებლად ბაქოს სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნა შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანს ამ ინიციატივაზე ჯერ არ უპასუხია.