ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მეხანძრე-მაშველი

წყალდიდობა

ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მეხანძრე-მაშველი. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების გამანადგურებელმა წყალდიდობამ ბევრი რეგიონი დააზარალა და ნგრევა გამოიწვია. ხუთი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთი მეხანძრე-მაშველი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ადამიანები იძულებული გახდნენ, სახლები მიეტოვებინათ, დაკარგეს საარსებო წყარო“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ზარალის შეფასება.

ფედერალურმა მთავრობამ კატასტროფების შედეგების მართვის ფონდიდან 45 მილიონი ევრო გამოყო, კიდევ 30 მილიონი ევრო გამოიყოფა ქვემო ავსტრიის ფედერალური მხარის ბიუჯეტიდან. როგორც კანცლერმა აღნიშნა, კატასტროფების შედეგების მართვის ფონდის მოცულობის ერთ მილიარდ ევრომდე გაზრდა იგეგმება და ეს თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ყველაზე მეტად ქვემო ავსტრიის, ზემო ავსტრიისა და შტირიის რეგიონები დააზარალა. ცენტრალური ევროპის ქვეყნებში წყალდიდობის შედეგად სულ დაღუპულთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს. სტიქიას ებრძვიან პოლონეთში, ჩეხეთსა და რუმინეთში. მდინარე დუნაის ადიდებისა და მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.