ავსტრალიის სანაპიროზე სერფერის ფეხი გამოირიყა, რომელსაც ზვიგენი დაესხა თავს

სერფერი

ავსტრალიაში, ოკეანემ სანაპიროზე 23 წლის სერფერის ფეხი გამორიყა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე ზვიგენი დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ნიუ საუს ველსში, სამშაბათს მოხდა. კაი მაკკენზი სერფინგით იყო დაკავებული, როდესაც მას დიდმა თეთრმა ზვიგენმა უკბინა და ფეხი მოაკბიჩა. ახალგაზრდამ ტალღის დაჭერა და ნაპირზე გაცურვა მოახერხა. მას გაუმართლა, რადგან სწორედ ამ დროს პლაჟზე პოლიციის ოფიცერი, თავის უქმე დღეს საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. სამართალდამცველმა ძაღლის საბელის მეშვეობით სერფერს სისხლდენა შეუჩერა და დახმარებაც გამოიძახა.

ადგილზე მისულმა ექიმებმა მაკკენზი კლინიკაში გადაიყვანეს. მათი თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია, პოლიციელების ქმედებებმა კი მას სიცოცხლე გადაურჩინა.

ცოტა ხანში კი იმავე ნაპირზე წყალმა ზვიგენის მიერ მოკბეჩილი მაკენზის ფეხიც გამორიყა. კიდური ადგილობრივებმა აღმოაჩინეს და დაუყოვნებლივ ყინულში მოათავსეს, ახლა ექიმები იმაზე მსჯელობენ შესაძლებელი იქნება თუ არა მისი მიმაგრება.

ექიმების განცხადებით, თავად მაკენზი მშვიდად არის და საუბარიც შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ის წყალში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, რადგან მანამდე კისრის მძიმე ტრავმა ჰქონდა მიღებული.