აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო

აშშ-ს შუალედური არჩევნები

8 ნოემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი შუალედური არჩევნები იმართება, რომლის შედეგიც დიდწილად განსაზღვრავს როგორც მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, პოლიტიკურ მომავალს, ისე მისი წინამორბედის - დონალდ ტრამპისას, რომელმაც უკვე მიანიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამერიკელი დემოკრატები და ჯო ბაიდენი იბრძვიან იმისათვის, რათა შეინარჩუნონ უმრავლესობა კონგრესში და აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. რესპუბლიკელები კი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ ისეთი საჭირბოროტო სოციალური საკითხების გარშემო, როგორებიცაა კორუფციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

მოელიან, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ყურადღების ცენტრში იყო თავისი საპრეზიდენტო ამბიციის გამო, 15 ნოემბერს „მნიშვნელოვან განცხადებას“ გააკეთებს.

8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში უნდა გაირკვეს აშშ-ის 118-ე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 ადგილის და ზედა პალატის, სენატის, 35 მანდატის მფლობელები და გამოვლინდეს 36 გუბერნატორის ვინაობაც. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებს უმრავლესობა ჰქონდათ 2019 წლის 3 იანვრიდან, 2018 წლის არჩევნების შედეგად, როცა მათ წილად ხვდათ 235 ადგილი. 2020 წლის არჩევნების დროს მათი უმრავლესობა 222-მდე შემცირდა.