1728194938
აშშ-სა და ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა იემენში მეამბოხეთა ბაზები დაბომბეს
ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს იემენის ტერიტორიაზე, მეამბოხე ჰუთების გასამხედროებული დაჯგუფების, „ანსარ ალაჰის“ წინააღმდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტების დაჯგუფება, რომელიც იემენის ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს, 2023 წლის ნოემბრიდან, წითელ ზღვაში რაკეტებით და დრონებით თავს ესხმის სავაჭრო გემებს.
ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ დაჯგუფების ობიექტებზე იერიში გასულ ღამით მიიტანეს. მედიასაშუალებები ამერიკულ და ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ სამიზნეები იყო ჰუთების სამხედრო ბაზები და უპილოტო საფრენი აპარატების, რაკეტების და სხვა იარაღის საწყობები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარტყმები არის პირდაპირი პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმების სერიაზე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ამერიკელ სამხედროებს, სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემების მეზღვაურებს და უსაფრთხო ნაოსნობას და ვაჭრობას. ბაიდენის თანახმად, წითელ ზღვაში მეამბოხეთა 27 თავდასხმის შედეგად დაზარალდა 50-ზე მეტი ქვეყანა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ და მისი პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ საფრთხის ქვეშ იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი.
შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მიერ ჰუთების ობიექტების დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე, 9 იანვარს, იემენელმა მეამბოხეებმა 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით და დრონით შეუტიეს წითელ ზღვაში მყოფ გემებს. თავდასხმა ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ მოიგერიეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ იემენში მეამბოხეთა პოზიციებზე დარტყმები თავდაცვაა, რადგან ბოლო თვეებში მათ არაერთი საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევი შეტევა განახორციელეს წითელ ზღვაში და საფრთხე შეუქმნეს ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების გემებს. დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდის და ბაჰრეინის მხარდაჭერით.
პასუხად ჰუთების წარმომადგენელმა, გენერალმა აბდუსალამმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ამერიკელებს და ბრიტანელებს რეგიონს არ დაატოვებინებენ. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, დაჯგუფებამ დაასახელა იემენში დაბომბილი რამდენიმე ობიექტი, მათ შორის საადის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა, დედაქლაქ სანასთან მდებარე საავიაციო ბაზა და საპორტო ქალაქ ჰუდაიდის აეროპორტის რაიონი. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, იემენში, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ 16 რაიონში განადგურებულია 60-ზე მეტი სამიზნე.
შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთმა მოითხოვა, რომ დღეს, 12 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდეს.