აშშ-მა და არაბთა გაერთიანებულმა საამირომ სავიაციო სფეროში 14,5 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაერთიანებულ არაბთა საამიროებში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის 14,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ხელშეკრულება ითვალისწინებს ავიაკომპანია Etihad Airways-თვის Boeing-ის ტიპის თვითმფრინავების და კომპანია GE Aerospace-გან საავიაციო ნაწილების შეძენას.

Etihad Airways-მა უკვე დაადასტურა, რომ მან კომპანია Boeing-ს 28 დიდი ზომის თვითმფრინავი შეუკვეთა. ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი თვითმფრინავები არსებულ საჰაერო ფლოტს 2028 წელს შეუერთდება.

მანამდე თეთრი სახლი წერდა, რომ Etihad Airways-ს Boeing 787 და Boeing 777X ტიპის თვითმფრინავების ყიდვა სურს. გარიგების შესახებ კომპანია Boeing-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

საერთო ჯამში, როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, აშშ-სა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებს შორის 200 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.