აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური: ირანის სამხედრო მეთაურები ღრმა ბუნკერებში იმყოფებიან

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური

აშშ-ის სამხედრო ცენტრალური სარდლობის მეთაური, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალი ბრედ კუპერი აცხადებს, რომ ირანი „სასოწარკვეთის ნიშნით მოქმედებს“ და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ მიზანმიმართულად, სამოქალაქო სამიზნეებს 300-ზე მეტჯერ შეუტიეს“, - განაცხადა ბრედ კუპერმა.

მისი თქმით, ირანის მიერ სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებსა და უფრო ფართო ახლო აღმოსავლეთზე თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

კუპერის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია „გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს.

მისი თქმით, აშშ და ისრაელი რაკეტებისა და დრონების წარმოების ობიექტებს ესხმიან თავს.

„ჩვენს სამიზნეს ასევე წარმოება წარმოადგენს. ასე რომ, საქმე მხოლოდ დღევანდელ საფრთხეს არ ეხება. ვახორციელებთ მომავალი საფრთხის აღმოფხვრას, როგორც დრონების, რაკეტების, ასევე, საზღვაო ძალების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კუპერმა.

კუპერის თქმით, ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ იმყოფებიან, ხოლო მათი წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან ამერიკისა და ისრაელის მომავალი საჰაერო დარტყმებისგან.