ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
საქართველოში საპატრიარქო ტახტი 141-ედ დაქვრივდა. ილია მეორეს თითქმის ნახევარ საუკუნოვანი მმართველობის ეპოქის დასრულების შემდეგ, ახლა საქართველოს ეკლესიის საჭე უსათუოდ სხვამ უნდა ჩაიბაროს.
მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური სამართლის აღსრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იწყება. ახალი პატრიარქი, მე-14 საეკლესიო კრებამ, წმინდა სინოდმა, დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს.
საქართველოს ისტორიაში ბოლოს პატრიარქი 1977 წელს, 1945 წლის დებულების რედაქციის მიხედვით, 49 წლის წინ აირჩიეს. მაშინ, როდესაც გარდაიცვალა პატრიარქი დავით მეხუთე. ის ისე აღესრულა, რომ მოსაყდრე არ დაუსახელებია.
ილია მეორეს აღსრულების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვის გადაბარების პროცედურა იმ გარემოებამ გაამარტივა, რომ მოსაყდრედ შიო მუჯირი უწმინდესმა სიცოცხლეშივე დაასახელა. მისი გარდაცვალების მეორე დღესვე შეიკრიბა წმინდა სინოდი და მოსაყდრედ ის ყველა წესის დაცვით აირჩია.
მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში - ელიზბარ მუჯირი, დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
1991 წელს ის დამკვიდრდა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს აღიკვეცა ბერად და ეწოდა შიო.
ამის შემდეგ მისი სასულიერო გზა ეტაპობრივად განვითარდა. სასულიერო სემინარიის სტუდენტობიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრობამდე.
მიუხედავად ტახტის მოსაყდრეობისა, ეს არ არის უსათუო წინაპირობა იმისა, რომ პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიონ, თუმცა, მას აქვს პატივი მოიწვიოს საეკლესიო კრება მომდევნო პატრიარქის ასარჩევად.
ბოლოს გასულ საუკუნეში ჩატარებული პროცედურა, ამ საუკუნეში განსხვავებული წესებით ჩატარდება.
ახლა უკვე წმინდა სინოდის მიერ ოფიციალურად აღიარებულმა მოსაყდრემ, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა, პარასკევ დღეს, საპატრიარქოში ქართული ეკლესიის წინამძღვრის ასარჩევად წმინდა სინოდი უნდა შეკრიბოს - 39 მღვდელმთავრის შემადგენლობით.
ეკლესიური კანონიკის პროტოკოლის მიხედვით, პირველ ეტაპზე მოხდება ფარული კენჭისყრით 3 კანდიდატის შერჩევა.
სინოდი 3 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ორს, ამის შემდეგ იქნება გაფართოებული კრება კანდიდატების განხილვისთვის.
პატრიარქად ჩაითვლება ის არჩეული კანდიდატი, რომელიც მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს, ანუ მინიმუმ 20 ხმას მიიღებს.
არჩეული პატრიარქის აღსაყდრება, ანუ ინტრონიზაცია ხდება არჩევიდან 2 დღეში, აუცილებლად კვირა დღეს და ტრადიციულად სვეტიცხოვლის ტაძარში.
არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ქართული ეკლესიის უმაღლესი იერარქი წოდების პარალელურად მიიღებს ისტორიულ ატრიბუტიკასაც. ახლად არჩეულ პატრიარქს ასევე გადაეცემა ჯვარ-პანაღია, 4 კილოგრამიანი ოქროს მიტრა და კვერთხი.
მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, პატრიარქი ირჩევა სამუდამოდ - სიცოცხლის ბოლომდე.