აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, 15 მარტიდან დღემდე აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეებზე 800-ზე მეტი დარტყმა მიიტანა

აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეებზე 800-ზე მეტი დარტყმა მიიტანა

აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, 15 მარტიდან დღემდე აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ სამხედრო სამიზნეებზე 800-ზე მეტი დარტყმა მიიტანა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია ასობით ჰუსიტი მებრძოლი და დაჯგუფების არაერთი ლიდერი.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ „ჰუსიტებზე“ დარტყმები მიზნად ისახავს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას.

ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, 27 აპრილს განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულია „ჰუსიტების“ სამხედრო საწყობები და შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მწარმოებელი ქარხნები.

თავის მხრივ, ჰუსიტი მებრძოლების მტკიცებით, აშშ-ის მიერ 27 აპრილს იემენის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვი. მანამდე „ჰუსიტების“ მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დარტყმების შედეგად სულ 74 ადამიანია მოკლული და დაიჭრა 171.

ცნობისთვის, მარტის თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მასშტაბურ დარტყმებს მიიტანს „ჰუსიტების“ პოზიციებზე და დაჯგუფების სრული განადგურებით დაიმუქრა.

შეგახსენებთ, რომ „ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, წითელ ზღვაში მოძრავ სამხედრო და სავაჭრო გემებს 2023 წლის ნოემბრიდან ესხმიან თავს, მათ შორის რაკეტებითა და დრონებით. მათ მოახერხეს ორი გემის ჩაძირვა და მოკლეს ეკიპაჟის ოთხი წევრი.

როგორც „ჰუსიტები“ ამბობენ, ამ თავდასხმებით ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ ომს აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ პალესტინელებს. ისინი ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ისრაელთან, აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებულ გემებს ესხმიან თავს. თუმცა, როგორც უცხოური მედია წერს, ეს ფაქტები ხშირად არ დასტურდება და მებრძოლების თავდასხმის სამიზნე სხვა სავაჭრო გემებიც გამხდარან.